Saturday, May 7, 2011

ივერთა მონასტერი ათონზე

ივერთა მონასტერი ათონზე - ძველი ქართული სულიერი კულთურისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი კერა საბერძნეთში ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე. მისი დაარსება დაკავშირებულია იოანე მთაწმინდელისა და თორნიკე ერისთავის სახელებთან. ივერთა მონასტრის მშენებლობა 980-983 წლებში მიმდინარეობდა. მისი პირველი წინამძღვარი იყო იოანე. იოანესა და თორნიკეს დიდი მეცადინეობით 985 წლისთვის ივირონი უკვე სავსებით ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი იყო. ათონზე მოღვაწე ქართველებმა საყოველთაი პატივისცემა და აცტორიტეტი მოიპოვეს. ივირონის სამწერლობო საქმიანობამ უღრმესი კვალი დააჩნია მთელი შუა საუკუნეების ქართულ კულტურას. მონასტრის დამაარსებლებმა დიდი ინტერესი განოიჩინეს ბიზანტიური ლიტერატურისადმი და დაიწყეს ზრუნვა ეროვნული წერილობითი კულტურის ბერძნულიდან ახალი თარგმანებით გამდიდრებაზე. იოანემ ამ სამუშაოში თავისი ვაჟი - ეფთვიმეც ჩააბა. მათი დაკვეთით მუშაობდა აქ ქართველ მწიგნობართა მოზრდილი კგუფი, არაერთი ძვირფასი ხელნაწერი დამზადდა და გადაიწერა. იოანეს გარდაცვალების შემდეგ 14 წლის განმავლობაში ივირონს წინამძღვრობდა ეფთვიმე მთაწმინდელი. ეფთვიმე ძირითადად თარგმნიდა ისეთძეგლებს, რომელსაც ქართული მწერლობა არ იცნობდა. იგი თარგმნიდა არა მხოლოდ ბერძნულიდან ქართულად, არამედ ქართულიდან ბერძნულადაც.


ივირონი იოანესა და ეფთვიმეს გარდაცვალების შემდეგაც გამოირჩეოდა, როგორც მძლავრი კულტურული კერა. აქ გრძელდებოდა კულტურული საქმიანობა, რომელშიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა გიორგი მთაწმინდელი.
ივერთა მონასტრის არსებიბის II პერიოდში ბერძნებმა მონასტრის შევიწროება დაიწყეს. ათონის ქართველებს იმის დასაბუთება დასჭირდათ, რომ მონასტერი მათი საკუთრება იყო. ამის მიუხედავად ბერძენთა იერიშები უფრო საშიში შეიქნა და ნელ-ნელა ივერთა მონასტერი ბერძენთა ხელში გადადიოდა. 1259 წელს იგი ჯვაროსნებმა დაარბიეს. 1304 წელს თურქები შემოესივნენ, 1306 წელს კატალონელები, 1308 წელს - არაბები. უფრო მეტად გამწვავდა ურთიერთობა ბერძნებსა და ქართველებს შორის.  მონასტერში ქართველთა რიცხვმა იკლო, მომრავლდნენ ბერძენი მონაზვნები. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა - კალისტე პირველმა დააკმაყოფილა ბერძენთა მოთხოვნები და უგულებელყო ქართველთა უფლებები მონასტერზე.ქართველებს აეკრძალათ მონასტერში პასუხსაგები თანამდებობების დაკავება, მაგრამ ქართველები კალისტეს აკრძალვის შემდეგაც ჩანან მომდევნო საუკუნეებში წინამძღვრებად.
 ათონელი ქართველები საქართველოს მეფეებს სთხოვდნენ შემწეობას. XV-XVI საუკუნეებში, მართლაც დაეხმარნენ მათ სამცხის ათაბაგები ყვარყვარე II (1451-1498) და მზეჩაბუკი (1500-1575). ივერთა მონასტერმა ერთხანს ამოისუნთქა, მოღვაწეთა რიცხვი გაიზარდა. XVI საუკუნის დასასრულიდან ათონის მონასტრებს მზრუნველობს რუსეთის საერო თუ სასულიერო ხელისუფლება.
 XIX ს-ში ქართველთა მდგომარეობა ათონზე გაუარესდა. მას შემდეგ, რაც ივერთა მონასტერმა ქართველ მეფეთა სახით დაკარგა მფარველები, ხოლო ქართულმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა,  ათონის ქართული მონასტერი და ქართველი მონაზვნები ძალზე შეავიწროვეს ბერძნებმა. განდევნეს ქართველები და მთლიანად დაეპატრონნენ მონასტერს. ისინი უარს ამბობდნენ ქართველ პილიგრიმთა მიღებაზე. ამ პერიოდში მონასტერს ეწვია ვახტანგ ბარკალაია, რომელმაც მონასტრის ახლოს ააშენა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა ახალი სავანე, და შემოიკრიბა ქართველები.
 ბერძნებმა ქართველთა ტაძრის მისაკუთრება არ იკმარეს, დაიწყეს მონასტერში ქართული კვალის განადგურება, წარხოცეს ქართული წარწერები.
 XIX ს-ის 80-იან წლებში დიდი ინტერესი გაჩნდა ივირონის წიგნსაცავის მიმართ. 1931 წელს ათონის ხელნაწერთა კოლექცია გაიცნო ამერიკელმა ქართველოლოგმა რობერტ ბლეიკმადა გამოაქვეყნა მისი აღწერილობა. 1977 წელს ათონზე იყვნენ ქართველი რეჟისორი გურამ პატარაია და პროფ. ალ. ალექსიძე. ათონის მთის ქართული ხელნაწერების მიკროფილმების პირები, გადაღებული 1977 წლის ექსპედიციის დროს, დაცულია საქ. მეცნ. აკადემიის ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ხელნაწერთა ინსტიტუტში.

No comments:

Post a Comment