Saturday, June 4, 2011

საწერი მასალა

მწერლობის ძეგლებისათვის სხვადასხვა დროს სხვადასხვა მასალა იხმარებოდა ხოლმე: ჯერ ქვა, ლითონი, ძვალი და საზოგადოდ მაგარი, შედარებით მძიმე და ხშირად ძნელად შესაძრავი ნივთიერება იყო მიღებული, შემდეგ თხელი და მსუბუქი მასალა შემოვიდა. ადამიანის ნააზრევის მაგარ ნივთიერებაზე აღბეჭდვა , რასაკვირველია, სულ სხვანაირ იარაღსაც მოითხოვდა. ვიდრე შემდეგდროინდელ თხელ მასალაზე დასაწერად იყო საჭირო.

წარწერები, როგორც ებრაელთა საღმრთო წერილის ერთ-ერთ წიგნშიაც არის აღნიშნული, ქვასა, ლითონზე ან სხვა მკვრივ ნივთიერებაძე იყო ხოლმე გამოყვანილი. თუ თვით კედლის ან შენობის ქვაზე არ იყო მოთავსებული, მაშინ საგანგებოდ დამზადებულ ქვებზე აჭრევინებდნენ ხოლმე, საამისოდ კეთდებოდა ხოლმე "ფიცარნი ქვისანი"

მაგრამ ქვის ფიცრებს გარდა განათლებული კაცობრიობის სამწიგნობრო ხელოვნებას სხვაგვარი საწერი მასალაც უხმარია, მაგალითად ხის ფიცრებიც. რომში ძველად ხის ფიცრებზე უწერიათ და რომაული კანონმდებლობის უძველესი ძეგლები, მათ შორის განთქმული "თორმეტი ფიცრის კანონები" ხის ფიცრებზეა ნაწერი თუ ამოჭრილი. ლიტონი, დაუმუშავებელი ფივრის გარდა ძველ საბერძნეთსა და რომის სახელმწიფოებში საწერ მასალად  ჩვილგადაკრული ხის ფიცრებიც იყო ძალიან გავრცელებული. ეგვიპტელებს, როგორც ეტყობა ამგვარი მასალა არ უხმარიათ საწერად. ამგვარფიცრებს ლათინურად cerae, tabulae ceratae, tabulae cerussatae-ს უწოდებდნენ, რაც ქართულად ნიშნავს - ცვილნი, ფიცარნი ცვილოანნი.

 ცვილოან დაფებს ის დიდი უპირატესობა ჰქონდა, რომ ნაწერის წაშლა და ხელახლად დაწერა ადვილად შეიძლებოდა. ამიტომ ის შავად დაწერისათვის ძალიან კარგი იყო და სწორედ ამისთვის ხმარობდნენ. მაგრამ ამის გარდა ცვილოვან დაფებზე ანგარიშები და საბუთებიც იწერებოდა. საწერ იარაღად წვეტიანი მკვრივი ნივთიერება იხმარებოდა. 1786 და 1788 წელს ნაპოვნი იქნა ქ. შ. - მდე  131-167 წ.წ. დაწერილი ტექსტის შემცველი 25 ამგვარი ცვილოანი დაფები, რომლებიც ამჟამად ბუდაპეშტის მუზეუმში ინახება, შემდეგ, 1875-1876 წ.წ. კიდევ 130 ცალი ამნაირივე დაფა ქ. შ. - მდე 15-62 წ.წ. შესრულებული ნაწერითურთ პომპეიშიც აღმოჩნდა. ეს ცვილოანი დაფები ჩვეულებრივ ორი, სამი და უფრო მეტი ფიცრების კრებულადაა აკინძული. იგი უფრო ხშირად სამი დაფის შემცველია ხოლმე, რომელთაგან პირველი და უკანასკნელი დაფის გარეგანი მხარე უცვილოა, ცხადია იმიტომ, რომ აქ ნაწერი ხელის ხლებით დაზიანდებოდა, ხოლო პირველი და მესამე დაფის შიგნითი მხარე და მეორეს ორთავე გვერდი ცვილით არის მოფენილი და ნაწერს შეიცავს ხოლმე, ორი კი დაუწერელია და გარეკანის მსგავსად არის. ბერძნულად ორი დაფის შემცველ შეკვრებს diptycha ანუ ორკეცი ეწოდებოდა, სამი დაფისას triptycha ანუ სამკეცი და რამდენიმე დაფისას polyptycha - მრავალკეცი. ამ სიტყვების შესატყვისებად ქართველები სავარაუდოდ "ორკარედს", "სამკარედს", "მრავალკარედს" იყენებდნენ.

 ცვილოანი დაფები კარედები, ორკარედები და მრავალკარედები საფრანგეთსა და გერმანიაში XIII-XIV ს-შიც იხმარებოდა ანგარიშებისა და სხვადასხვა მიზნებისათვის. სხვათაშორის შენახულია XV ს-ის გერმანელი მოწაფეების სასკოლო სავარჯიშო სამუშაოს შემცველი ცვილოანი დაფებიც. ამგვარი ძეგლები პარიზისა, ჟენავისა, ფლორენციისა და გერმანიის მუზეუმებშია.

 ხმარობდნენ თუ არა აღმოსავლეთში ხის ფიცრებსა და ცვილოან დაფა- კარედებს, ჯერ გამოსარკვევია. არაბთა სახალიფოში მხოლოდ ერთი, ისიც დაზიანებული ხის ფიცარია ნაპოვნი, რომლის ერთ გვერდზე მელნით არის დაწერილი, მეორე გვერდზე კი ნაწერი ამოფხანილია. ძეგლთა ასეთი სიმცირისდა მიუხედავად მაინც საფიქრებელია, რომ ცვილოანი თუ უცვილო კარედი დაფების საწერ მასალად გამოყენება აღმოსავლეთშიაც უნდა სცოდნოდათ.

 უხსოვარი დროიდან ეგვიპტელები საწერ მასალად პაპირუსის გულიდან თხლად და სიგრძეზე ათლილ ნივთიერებას ხმარობდნენ. ქართველები მას ჭილს უწოდებდნენ. ჭილს ანუ პაპირუსს ასე აკეთებდნენ: ჯერ ღეროს წყალში ალბობდნენ და არჩევდნენ ხოლმე, შემდეგ მწვანე კანს მცენარეს შუაგულამდე აცლიდნენ, ხოლო ამის შემდგომ მცენარის შუაგულს ბასრი მჭრელი დანით თითის სიგანე თხელ ზოლებად სიგრძეზე ჩამოაფცქვნიდნენ ხოლმე. ასეთ ჩამონათალ ზოლებს სველ ფიცარზე ერთმანეთის გვერდით სიგანეზე დაალაგებდნენ და ერთგვარი წებოთი ერთმანეთზე მიაკრავდნე, ზემოდან კი განდაგან დალაგებულ და მიწებოებულ ჭილის ზოლებს დაალაგებდნენ ხოლმე. შემდეგ ამგვარად დამზადებულ ფურცლებს ტკეპნიდნენ, ასწორწბდნენ და აშრობდნენ.

 ჭილს საწერ მასალად არაბებიც ხმარობდნენ, მაგრამ პაპირუსზე დაწერილ ძეგლთა დიდი ნაწილი განადგურდა. უძველესი არაბულ ჭილზე ნაწერი საბუთები VII ს-ის მეორე ნახევრისაა. იყო თუ არა საქართველოში ჭილი მიღებული საწერ მასალად ჯერ გამორკვეული არ არის. ჩვენამდე მხოლოდ ორმა ჭილზე ნაწერმა ქართულმა ძეგლმა მოაღწია. ორივე მათგანი შერეულიეტრატ-ჭილის ფურცლებისგანაა შეკინძული და IX საუკუნისაა. ორივე მათგანი საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმში არის დაცული.

 საქართველოში ძველად ყველა სხვა საწერ მასალაზე უფრო ტყავი ყოფილა მიღებული. ტყავს უძველეს დროიდანვე ხმარობდნენ აღმოსავლეთში. საწერ წტრატს ცხვრის, კრავის, თხისა და ხბოს ტყავისგან აკეთებდნენ. ტყავს საწერ მასალად ისე აკეთებდნენ, რომ ჯერ მას ბალნის მოსაცლელად, კირნარევ წყალში ჩასდებდნენ, შემდეგ ბასრი იარაღით ბალანს მოაშორებდნენ, და ტყავის ზედაპირს სრულიად მოსასუფთავებლად ისევ კირის წყალში ჩადებდნენ ხოლმე. მერე ამ ტყავს გაიმავდნენ, გააშრობდნენ და გალიპავდნენ, სულ ბოლოს კი წერისათვის შესამზადებლად ცარცს, კირს წაუცხებდნენ ხოლმე. რაკი ტყავის გარეთა მხარე, ზედაპირი  ბალნის ნაალაგევის წყალობით უფრო მუქი იყო, ამიტომ დამუშავების შემდგომაც ზედაპირი ყვითელი გამოდიოდა., ქვედა პირი კი თეთრი. ამის გამო ამ ქვედაპირს ალბუმს (album) , თეთრს ეძახდნენ.

 ტერმინი ეტრატის სადაურობა გამოსარკვევია. სულხან-საბა ორბელიანისმიხედვით ეს სიტყვა განიმარტება როგორც " ქაღალდი ტყავისა"
 უძველესი აქამდე ცნობილი ქართული  ხელნაწერები V-VI ს.ს. სახარებისა და სასულიერო მწერლობის სხვა ძეგლები ეტრარზეა დაწერილი. XI- XII ს.ს. - ებამდე ეტრატს ქართულ სამწიგნობრო ხელოვნებაში მეტოქე არ უჩანს და ყველა ხელნაწერი ეტრატზეა შესრულებული.

 რასაკვირველია ეტრატი საქართველოში მარტო უცხოეთიდან მოტანილი საქონელი კი არ იქნებოდა, არამედ ცხადია ეტრატიია გაკეთება საქართველოში უნდა სცოდნოდათ.

 მაგრამ ეტრატსაც შემდგომში თავისი მეტოქე და მტერი გაუჩნდა. ამგვარ მეტოქედ სამწიგნობრო ხელოვნებაში ქაღალდი გამოვიდა. ქაღალდი ევროპელებმა აღმოსავლეთისაგან მიიღეს პირველად და მისი გაკეთებაც მათგან ისწავლეს. ქაღალდი პირველად ჩინეთში იქნა შემოღებული. ჩინური მემატიანის გადმოცემით ქაღალდი 105 წ. ქ. შ. - მდე ერთ მოხელე წაი-ლუნ-ს მოუგონია.

 ჩინეთში სხვადასხვაგვარ ქაღალდს ამზადებდნენ, მადრამ ამ ხელობას საიდუმლოდ ინახავდნენ. 751 წ. ქ. შ. - მდე არაბებს ერთი ჩინელი ჩაუვარდათ ტყვედ ხელში, რომელსაც ქაღალდის გაკეთება სცოდნია და არაბებისთვის მანამდე სასტიკად დაცული ჩინური საიდუმლო გაუმხელია.
 არაბთა უზარმაზარ საბრძანებელში ისეთი მასალა, რომელსაც ჩინელები ქაღალდის გასაკეთებლად ხმარობდნენ არ მოიძებნებოდა და ამის გამო არაბებმა ქაღალდის გაკეთება ტილოს ნაგლეჯებისა და ძონძებისაგან დაიწყეს. ამან ქაღალდის ღირებულება უაღრესად გააიაფა. დროთა განმავლობაში ქაღალდის გაკეთების ტექნიკა უმჯობესდებოდა, დაიწჭეს უკეთესი წებოს ხმარება, ამან არაბულ ქაღალდს ჩინურთან შედარებით მეტი სიმტკიცე მიანიჭა. ქაღლდი ეტრატს მხოლოდ გამძლეობით ჩამოუვარდებოდა.

 ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია მთელ ევროპას მოედო. გაჩნდა ქაღალდის ქარხნები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და სხვადასხვა ზომის და ხარისხის ქაღალდს ამზადებდნენ. XIV ს-დან მოყოლებული ქაღალდი ევროპაში ისე გავრცელდა რომ ეტრატს უკვე კონკურენციის გაწევა აღარ შეეძლო.

 სავარაუდოდ საქართველოში ქაღალდი XI ს-დან შემოვიდა. "ვეფხისტყაოსანში" სიტყვა ქაღალდი უკვე გვხვდება.
 "ჰე, ჩემო ესე უსტარი არს ჩემგან ნამოღვაწები,
ტანი კალმად მაქვს, კალამი ნაღველთა ამონაწები,
მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები"

1 comment: